საქართველოს მრავალი წელია სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, თუმცა რუსეთი მუდმივად საფრთხეს უქმნის დასავლურ კურსს. 30 წელზე მეტია, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამ წლების განმავლობაში იყო წინსვლაც და რეგრესიც, მაგრამ არასდროს მდგარა საკითხი ასე - უნდა შეეცვალა თუ არა საქართველოს საგარეო კურსი დასავლეთიდან რუსეთისკენ.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, 80%-ს, სურს ეროკავშირსა და NATO-ში (74%) გაწევრიანება. მოქმედი ხელისუფლება თითქოს ღიად უჭერს მხარს დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას, თუმცა ბოლოდროინდელი ქმედებებით საპირისპიროს ამტკიცებს. ამის ნათელი მაგალითია უკრაინაში მიმდინარე ომი. 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა საქართველოს ნეიტრალურ (უფრო მეტად პრორუსულ) დამოკიდებულებას ამ ომთან დაკავშირებით.
ომის ფონზე, დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია დაუწესეს, თუმცა ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსეთის სანქცირებაზე და უფრო მეტიც, პროპაგანდისტული მოწოდებებით საზოგადოებას აჯერებდა, რომ ხმის ამოღება ომის ტოლფასი იქნებოდა. ამასთანავე, დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევის სურვილში დაადანაშაულა, უკრაინამ კი, საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარმა სანქცირებულ რუს ბიზნესმენთან - ვლადიმირ ევტუშენკოვთან, ფაქტობრივად დაადასტურა ყველა არსებული ეჭვი.
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებემა დააჩქარა პოლიტიკური პროცესები. ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადი პირველმა უკრაინამ შეიტანა, შემდეგ კი მას შეუერთდა მოლდოვა და საქართველო, თუმცა უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს კი ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 6 თვის ვადაში 12 პირობა აქვს შესასრულებელი. ისტორიული შანსი საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა და დღეს ქვეყანა დადგა რეალური საფრთხის წინაშე - დამარცხდეს 30 წლიან ბრძოლაში ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე.
1989 წლის 9 აპრილი და 2022 წლის 20 ივნისი - როგორ მოიპოვა საქართველომ წლების განმავლობაში ნანატრი დამოუკიდებლობა და სად ვართ დღეს
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე საზოგადოება ერთხმად ითხოვდა დამოუკიდებლობას და საბჭოთა რუსეთისგან გათავისუფლებას. მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ტანკებს წინ აღუდგა და სისხლის ფასად იცავდა ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ეს ტრაგიკული დღე ორი წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. ორ 9 აპრილს შორის მომხდარმა მოვლენებმა დიდწილად განაპირობა საქართველოს მომდევნო 30 წლის მოვლენები - ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც დღემდე გრძელდება.
დღეს, 30 წლის მერეც, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და 20 ივნისს, ისევ რუსთაველზე, 9 აპრილის შემდეგ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი აქცია იმართება - "შინ ევროპაში". საზოგადოება დღეს უკვე უპირისპირდება ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს რუსულ განწყობებს მოარგოს ქვეყანა და საქართველოს დააკარგინოს ის, რაც აქამდე წლების განმავლობაში მოიპოვა. დემოკრატიული მმართველობა ოლიგარქიულმა ჩაანაცვლა - ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ევროპისკენ სწრაფვაა აღარაა, მაგრამ საქართველოს აქვს გამოცდილება მოხდეს ის, რაც მოქალაქეებს უნდათ და არა ხელისუფლებებს.
20 ივნისს აქციაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს საქართველოს საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ექიმი ლალი ჯანაშიაა, რომელმაც წლების განმავლობაში პირველად ჩათვალა თავი ვალდებულად დამდგარიყო რუსთაველზე და ღიად ეთქვა, რომ არ დაბრუნდება წარსულში, იქ, სადაც საქართველო დამოუკიდებელი არ არის.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი ნოდარ ნათაძე და პედიატრი ლალაი ჯანაშია იხსენებენ, რა განწყობა იყო 1989 წლის 9 აპრილს. ლალი ჯანაშია წლების განმავლობაში პირველად, ისევ რუსთაველზე დადგა აქციაზე - რა განწყობები აქვს დღეს?
დამოუკიდებლობის მოპოვება საქართველოსთვის მარტივი არ ყოფილა. 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს განსხვავებული ლიდერები ჰყავდა, განსხვავებული საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თუმცა ამ პროცესებში რუსეთი არასდროს ყოფილა თამაშგარე მდგომარეობაში და ის ყოველთვის სხვადასხვა ხერხით ცდილობდა დაესაჯა საქართველო, რომელიც იბრძვის ევროინტეგრაციისთვის.
1991 წელს, ზვიად გამსახურდია გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობის გამოცხადებაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროპისკენ, თუმცა იმ პერიოდში იმდენად რთული, კრიზისული სიტუაცია იყო, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ევროპისკენ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა.
ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ედუარდ შევარდანძის მმართველობის პერიოდი შეფასდა როგორც პირველ რეალურ, ხელშესახებ ნაბიჯად ევროპული ინტეგრაციის გზაზე. სწორედ მის დროს, 1999 წელს გახდა საქართველო ევროსაბჭოს წევრი. მისი მმართველობის დროს ხდება ომი აფხაზეთში, რომელიც ქვეყანას ორ ნაწილად ხლეჩს და ახალ სადავო ტერიტორიებს ქმნის. დღემდე, რუსეთის მიერაა ოკუპირებული საქართველოს 20%.
ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა დაწყებული საგარეო პოლიტიკა და კიდევ უფრო ხმამაღლა გააჟღერა ქვეყნის დასავლურობის იდეა. სათავეში მოსულ გუნდს გამოხატული დასავლური კურსი ეკავა და ისინი ღიად დაუპირისპირდნენ აგრესორ რუსეთს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი კი ერთგვარი დასჯის მექანიზმი იყო.
"ქართული ოცნების" მმართველობის პირველი ორი წელი წინა ხელისუფლების რიტორიკის და დაწყებული საქმეების გაგრძელებაა, ისინი ცდილობდნენ ევროპული კურსისთვის არ გადაეხვიათ (რაც, დიდწილად, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიის, იდეოლოგიურად ევროპული ფასეულობების მქონე პიროვნებების დამსახურებაა). ამ პერიოდს უკავშირდება ვიზა ლიბერალიზაცია და ანტი დისკრიმინაციული კანონი.
სურათი მალევე შეიცვალა - კოალიციას ჩამოშორდა სხვადასხვა პარტია, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ევროპული კურსი ჰქონდა, რაც ღიად მიუთითებდა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა ევროპულ კურსს კარგავდა. ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ამას უკვე ღიად ადასტურებდა.
გაყალბებული არჩვენები, გავლენა მედიასა და სასამართლოზე, შერჩევითი სამართალი, პოლიტპატიმრები და მმართველობის შენარჩუნებისათვის გადადმული გაუმართლებელი ნაბიჯები.ქვეყანაში შეიქმნა რუსეთის მიერ კონტროლირებული მედია ჯგუფები, ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის და სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით მუშაობენ დეზინფორმაციის შექმნის კამპანიაში. ხელისუფლების სახელს უკავშირდება ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მობილიზება იქ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა გამოხატვს საკუთარ აზრს.
რუსეთისკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია ანაკლიის პროექტის მიზანმიმართული შეჩერება, “გავრილოვის ღამე” და მიზანმიმართულად ჩაშლილი ანტისაოკუპაციო აქცია. ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორისაა 2013 წლის 17 მაისის და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიც. ხელისუფლებამ ვერ/არ დაიცვა მშვიდობიანი მოქალაქეების/ჟურნალისტების უსაფრთხოება, რის შედეგადაც ათობით ადამიანს ჰომოფობიურად განწყობილი, წინასწარ მობილიზებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისის მოვლენებს შეეწირა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.
ბოლოდროინდელმა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აქამდე არსებული ყველა ეჭვი, მთავრობის პრორუსულობასთან დაკავშირებით, დაამტკიცა და საზოგადოებისთვის ნათელი გახადა ხელისუფლების ნება და სამომავლო გეგმები. დღეს ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა - ან დავკარგავთ ჩვენს ისტორიულ კურსს და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსს, ან შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას და ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებას.
როგორ დაიწყო საქართველომ ევროპისკენ სვლა და როგორ მოვიდა დღემდე?
“შინ ევროპისკენ” აქციები კვლავ გრძელდება, მოსახლეობა მზადაა დაიცვას საკუთარი უფლება - იცხოვროს დამოუკიდებელ, დემომოკრატიულ საქართველოში.
სად არის გამოსავალი - რა შეუძლია დღევანდელ თაობას?
コメント