უკეთ რომ გავიგოთ საქართველოსთვის ევროკავშირის დანიშნულება, უნდა ვიცოდეთ, რას გვთავაზობს ევროკავშირი, რა სიკეთეების მომტანი შეიძლება იყოს იგი ჩვენთვის. ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენი რესპოდენტები გვესაუბრებიან სწორედ ამ ღირებულებების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
ევროკავშირი და საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება, მაშინ, როდესაც ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას.
ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.
შეთანხმება შეადგენს იმ კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს კონკრეტული რეფორმები, როგორებიცაა:
1.საერთო ევროპული ფასეულობების გამტკიცება;
2. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება;
3. მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარება;
4. დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზაცია ევროპული სტანდარტების მიხედვით და ასევე უნდა გატარდეს რეფორმები;
5. ვაჭრობის დარგში, რადგან საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში; გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელშიც გაერთიანებულია 27 ქვეყანა.
საქონლისა და თავისუფალი გადაადგილების პერსპექტივა საქართველოს
საექსპორტო პოტენციალს ზრდის, რამაც შეიძლება შეუწყოს ხელი ქვეყანაში საივესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნას, რაც საბოლოო ჯამში, სხვა ფაქტორებთან ერთად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის ნაწილში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოქალაქეთა მობილურობის ხელშეწყობას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურების ძირითადი ინსტრუმენტი და ევროკავშირთან დაახლოების ეფექტიანი საშუალებაა. უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან.
რა შეიძლება იყოს ევროკავშირის ალტერნატივა?
მუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და გამოეთიშა ასოცირებულ ტრიოსაც, მაინც არსებობს შანსი ევროკავშირში ინტეგრაციისა, ცხადია თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. თუ ეს ასე არ მოხდება, როდესაც ვფიქრობთ რა შეიძლება იყოს ევროკავშირის ალტერნატივა, მეორე მხარეს მხოლოდ რუსეთია, სადაც არც დემოკრატია, არც განვითარება და, მით უმეტეს, არც თავისუფლებაა.
რუსეთის მხარეს დაგვხვდება დსთ, რომლის მიზნებსა და ღირებულებებში დემოკრატიის განვითარებასა და წარმომადგენლობით დემოკრატიაზე (რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ღირებულებაა) არაფერი წერია.
უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, მაშინ, როდესაც რუსეთი და საქართელო დსთ-ს მონაწილე ქვეყნები იყვნენ, 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარება წამოიწყო. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება დსთ-დან გამოსვლისა და მას შემდეგ ეს საკითხი აღარ განხილულა.
თვალს თუ გადავავლებთ ქვეყნებს, რომლებიც დსთ-ს შემადგენლობაში შედიან, მივხვდებით, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობაში არა დემოკრატიული, არამედ ავტოკრატიული, ზოგან კი დიქტატურული წყობაა.
მაგალითად, რუსეთი. ის არ არის ორიენტირებული მშვიდობაზე, ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს იმპერიალიზმის ამბიციები დაიკმაყოფილოს. ის საბჭოთა კავშირის დაშლას ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად მიიჩნევს, მაშინ, როცა მთელი განვითარებული სამყარო ამ ფაქტს სიხარულით ხვდება და მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირი იყო რეპრესიული რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლება, სამართლიანობა, თავისუფლება და თანასწორობა არ არსებობდა.
შესაბამისად, ის თავისუფლებები, არჩევნის უფლება, რომელიც ევროკავშირის ღირებულებას წარმოადგენს, დსთ-ში სრულად უგულებელყოფილია.
რუსეთთან ამგვარი ურთიერთობა საზიანო იქნება საქართველოსთვის და ერთადერთი რეალური მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება და მისკენ სწრაფვა უნდა იყოს. ევროპულმა საბჭომ პირობების შესასრულებლად დრო წლის ბოლომდე მოგვცა. ახლა ჩვენი პრიორიტეტი სწორედ ამ პირობების შესრულება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა იყოს, რადგან სხვა ალტერნატივა ნათელი მომავლის შესაქმნელად არ არსებობს.
Comments