24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ადამიანებმა ხელისუფლებას პირობები წამოუყენა.
„ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი კაცის ბოლო მკაცრი ამოთქმა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა.“ - შოთა დიღმელაშვილი.
მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ მხოლოდ პერსპექტივა და ექვსთვიანი ვადა 12 პირობის შესასრულებლად მიიღო.
პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია-ეს იმ რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესასრულებლად ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქათველოს მთავრობას წამზომი უკვე ჩაერთო. 180 დღეში არსებული პირობები გათვალისწინებული და მიღებული უნდა იყოს.
აქციაზე მოძრაობამ ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები გააჟღერა. მთელი საღამოს განმავლობაში გადაიკეტა თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი, აქციას ათიათასობით ადამიანი დაესწრო.აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციის დაწყებამდე განაცხადა, აქცია სრულიად აპოლიტიკურია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ მისიას ემსახურება.
აღნიშნული დემონსტრაცია 20 ივნისს გამართული აქციის გაგრძელება იყო. რუსთაველზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება. მანიფესტაციებს წინ დიდი პროცესები უძღვოდა. უკრაინის კვალდაკვალ, საქართველომ ევროკავშირს მიმართა ოფიციალური განაცხადით ბლოკში გაწევრიანების თაობაზე. თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ აპლიკაციას 3 მარტს მოაწერა ხელი.
საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს უყურადღებოდ ტოვებდნენ. 1-ელ მარტს მთავრობა მკაფიოდ ამბობდა, რომ საქართველო არ იყო მზად ევროკავშირის წევრობისთვის და პროცესი დაიწყებოდა 2024 წელს, მთავრობის მიერ 2021 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. „ქართული ოცნების“ მეთაურმა ისიც კი აღნიშნა, რომ ნაადრევი განაცხადი საქართველოსთვის უარყოფით შედეგს გამოიღებდა, რადგან ქვეყანას ჯერ კიდევ დასაკმაყოფილებელი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო გარკვეული პირობები. საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებებს მოჰყვა სამოქალაქო პროტესტი. ამ ყველაფერს თან დაერთო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრუსელში, სადაც ის ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეეხვდა.
პრეზიდენტი დაუფარავად აღნიშნავდა, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ევროპაშია. ამასობაში, ათიათასობით ქართველმა მოქალაქემ, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ყოველ საღამოს იკრიბებიან თბილისში, საქართველოს მთავრობისგან უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.
პირველ მარტს მსგავს მრავალათასიან დემონსტრაციაზე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანაც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნითაც კი გამოვიდნენ, რამაც, სავარაუდოდ, დიდი გავლენა იქონია მთავრობის შემდგომ გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, 2 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე აპლიკაცია უკვე მზადდებოდა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანის მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლები პროპაგანდისტულ განცხადებებს მაინც აკეთებდნენ. მაგალითად, კობახიძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ქვეყანაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი ხოლო ევროპას და ზოგიერთ ევროპელ ლიდერს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. განსხვავებული იყო მოქალაქეებისა და ხელისუფლების მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებითაც.
24 ივნისის აქციაზე მისული ადამიანები და ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ განსხვავებულად ხედავენ არსებულ რეალობას ამას მმართველი გუნდის განცხადებებიც მოწმობს. როგორც ირაკლი კობახიძემ აქციის დაწყებამდე განაცხადა, საქართველომ ისტორიულ შედეგს უკვე მიაღწია, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გატარებული რეფორმების შედეგია. მმართველი გუნდის რიტორიკას არც მამუკა მდინარაძე გამოაკლდა, რომელმაც 24 ივნისს დაორგანიზებული აქცია პოლარიზაციისკენ გადაგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნია და საზოგადოებას „ერთიანობისკენ“ მოუწოდა.
24 ივნისის აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოსახლეობამ ხელისუფლებას პირობები წამოუყენა. აქციაზე, "შინ ევროპისკენ" მოსახლეობა ისტორიული შანსის დაკარგვას აპროტესტებდა.
ელენე მეტრეველი, ანა ჩხიკვაძე
Kommentarer