24 ივნისს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა პროტესტის გამოსახატად ისევ რუსთაველის გამზირზე გამოვიდა.
მას შემდეგ, რაც საქართველო ასოცირებულ სამეულს ოფიციალურად ჩამოშორდა და ევროკავშირმა წევრობის კანდიდატობისთვის 12 პირობა წაგვიყენა, ადამიანებმა კვლავ რუსთაველის გამზირზე შეკრება დაიწყეს. როგორც ამბობენ, ისინი აქ თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, განვითარებისთვის და პროგრესული მომავლისთვის დგანან.
აქციაზე მისულ თითოეულ ადამიანს სჯერა, რომ მათი ქვეყანა იმსახურებს იყოს ევროპული სამყაროს ნაწილი, თუმცა ამისთვის საჭიროა ცვლილებები, რომლებიც მოქალაქეების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.
“შინ ევროპისკენ’’ აქციების მთავარი მიზანიც სწორედ ესაა - ხალხი ერთი იდეის გარშემო გააერთიანოს და დაანახოს განვითარებულ სამყაროს, რომ საქართველო ირჩევს ევროპას.
“ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა.’’ - ნათქვამია ‘’სირცხვილიას’’ განცხადებაში.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქციის მიმდინარეობის პროცესში შეხვდებით სხვადასხვა ასაკის ადამიანებს - ზოგიერთი მათგანი აქ თავიანთი შვილების უკეთესი მომავლისთვის დგას, ზოგიერთს კარგი პენსია და ახალგაზრდობის ოცნებების ასრულება უნდა, ზოგს კი თავისუფლება - ამ ყველაფერს ისინი ევროკავშირში ხედავენ.
ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ამიტომ მოქალაქეები თავიანთი ნათელი მომავლის პერსპექტივის ეჭვქვეშ დაყენების პასუხისმგებლობას სწორედ საქართველოს მთავრობას აკისრებენ.
24 ივნისის აქცია
‘’9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!’’ - ამ სიტყვებით მიმართა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა აქციაზე შეკრებილ ხალხს.
სხვადასხვა გამომსვლელები განსხვავებულ იდეებს, მოწოდებებს და სურვილებს აჟღერებენ, მაგრამ მთავარი მაინც ქვეყნის კეთილდღეობისკენ წინსვლაა, რომლისთვისაც ყველა მოქალაქეს საკუთარი გზა აქვს, ეს გზა კი რუსთაველის გამზირიდან იწყება, იმ ადგილიდან, სადაც საქართველოს 30 წლიან დამოუკდებლობას საფუძველი ჩაეყარა.
3 ივლისის აქცია
ბრძოლა ევროპისთვის ამით არ დასრულებულა. საქართველოს წინ უმნიშვნელოვანესი ექვსი თვე ელის, რომლის განმავლობაშიც გადაწყდება, საბოლოოდ მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩვენ გვაკისრია 12-პუნქტიანი ვალდებულებების სია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ქართველი ხალხი არ აპირებს გაჩერებას მანამ, სანამ ცვლილებები არ დაიწყება.
Comments