top of page
ანი მელაძე, ქრისტინე შამათავა

გზა EU-ს კანდიდატობამდე და დაშლილი ტრიო

Updated: Jul 11, 2022

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ჩვენ შეგვრჩა ევროპული პერსპექტივა, რომელიც იმ შემთხვევაში გახდება სტატუსი, თუ დასახული პირობების ვრცელი სია შესრულდება. ამისთვის ქვეყანას ექვსი თვე აქვს.


ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში რეფორმების კუთხით მოწინავე საქართველო იზოლირებული დარჩა და ტრიადაც დაიშალა. მომავლისთვის გახსნილი ფანჯრა და გაჩენილი შესაძლებლობები, ხელისუფლების დამაზიანებელი პოლიტიკის გამო ვერ გამოვიყენეთ. საერთაშორისო ასპარეზზე დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრია.



გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე იქნა მიღებული.


"გადავწყვიტეთ კანდიდატის სტატუსი მივცეთ საქართველოს როცა ევროპული კომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე, რომელზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოვიდნენ.


საქართველოსთვის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია არ გასცა. განისაზღვრა პირობები და ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანაში პროგრესს საჭიროებს.

ვანო ჩხიკვაძე - "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი


ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი:

  • აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, "19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით"

  • ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე

  • მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. "უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას,ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას". ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ

  • გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას

  • აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე

  • გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე

  • შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედია გარემოს. "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს". ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს

  • სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს

  • "გააერთიანებს ძალისხმევას" გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად

  • ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში "ყველა დონეზე"

  • მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, "პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები"

  • ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი.

  • ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კომისიის შეფასების წარდგენისას თქვა, რომ საქართველოსთვის "ევროპის კარი ღიაა და ახლა ჯერი მასზეა".


ნიკა სიმონიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე


ევროკომიისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო.


რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.


ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი 9 ივნისს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“


შესწორებაში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ" და იქვე მოწოდებულია ივანიშვილისადმი პერსონალური სანქციების დაწესების განხილვა, საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.


დამატების პირველი ნაწილი ხელის აწევით, მეორე ნაწილი კი, რომელშიც ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვისკენაა მოწოდება, 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ მიიღო ევროპარლამენტმა.


რაც შეეხება თავად რეზოლუციას, შეთანხმებული ტექსტი კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, „ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მოძალადეების ნაწილი დააკავეს და მათ პატიმრობა აქვთ მისჯილი, ნაწილი და მათ შორის ორგანიზატორები კი, ამ დრომდე არ მიუციათ პასუხისგებაში.


რეზოლუციის შეთანხმებულ ტექსტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და„ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზეა საუბარი. რეზოლუცია ეხება პარტია „ლელოს“ დამფუძნებლების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც.


ხაზგასმულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.


რეზოლუციის ტექსტში საუბარია ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შესახებაც და ხაზგასმულია მისი პოზიტიური ქმედებები მედიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, მიუხედავად სახელისუფლებო კრიტიკისა.


რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.


ევროკავშირში წევრობის დაჩქარებული წესით მოთხოვნის საკითხი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ. ომის მეოთხე დღეს, 28 თებერვალს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს. 1 მარტს 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.


მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 2024 წლამდე არ გეგმავდა. ოპოზიცია კი, ხელისუფლებას მოუწოდებდა, გადმოეწია ეს თარიღი და გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომმა გახსნა.


ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, 2 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა შეცვალა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადის წარდგენა დაუყოვნებლივ გადაწყვიტა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავდა, დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთება მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით იყო განპირობებული.




ირაკლი კობახიძე - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე


შეძლებს თუ არა საქართველო დასავლეთთან ინტეგრირებას, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველო კანდიდატობის სტატუსს ვერც 6 თვეში მიიღებს?



შოთა დიღმელაშვილი - "შინ ევროპაში" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

Comments


bottom of page