top of page
ვერიკო ლომია, ანნა კოშაძე

მედია ევროპული არჩევანის დასაცავად



საქართველოს ისტორიაში არსებული მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები, რომლის მომსწრეც რუსთაველის გამზირი არაერთხელ ყოფილა, ძირითადად ერთი საერთო მოტივით, ქვეყნის ევროპული არჩევანის, თავისუფლების და ქვეყნის იდენტობის შენარჩუნების მიზნით ხდებოდა. 19 ივნისს კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში, როცა საქართველოს მოსახლეობა თავისი საუკუნოვანი არჩევანის განხორციელებასთან ასე ახლოს იყო, მაშინ, როცა უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა ჰქონდა, ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე და მათ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ცენტრალურ გამზირზე 7 მედიასაშუალება ევროპული არჩევანის დასაცავად გაერთიანდა და საერთო ეთერით, საზოგადოებასთან პირდაპირი მიმართვით, მედიის პოზიცია გამოხატა.


წყარო: კადრი მედიის საერთო ეთერიდან



იდეური ერთიანობა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე_ ეს ისაა, რამაც 4 ტელეკომპანია: „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“ და 3 ონლაინმედია: „ნეტგაზეთი“, „ონ.ჯი“, „პუბლიკა”, რუსთაველის გამზირზე გააერთიანა.








დღესდღეობით მთავრობის პროპაგანდის ნაწილია, რომ მედიისადმი ნდობა რაც შეიძლება შეასუსტოს მოსახლეობაში. თუმცა ეს პროფესია თავისსავე არსში გულისხმობს ხალხის მსახურებას. “ჟურნალისტი ქვეყნის მაჯისცემას უნდა გრძნობდეს” და მაშინ, როცა ეს პულსაცია კრიტიკულად ეცემა, ამ დროს მედია ყოველთვის ერთიანი ხდება. სიმართლის ხმა, რომლის ჩახშობასაც ასე ცდილობს ხელისუფლება, ხშირად გაისმის ტელეეთერებიდან, კვლავ იწერება ონლაინ თუ ბეჭდური მედიის გვერდებზე და ასეთ კრიტიკულ მომენტებში ერთიანად რუსთაველის გამზირზეც ინაცვლებს. ეს კი ხდება ძალა იმ გაერთიანების, სადაც ქვეყნის ძირითადი ღერძი, საქართველოს მოსახლეობა, თავის არჩევანს აფიქსირებს. 20 ივნისს გადავსებული რუსთაველის გამზირი, ცხადი სიგნალი იყო ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობა მტიცედ ირჩევს ევროპას, რაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ შეფასდა, როგორც “პრო-ევროპული არჩევანის ღირსეული და მშვიდობიანი გამოხატვა”. ის მუხტი, რომელიც ამ დღეს თან სდევდა, ჯერ კიდევ მეტროსადგურებიდან აქციაზე მომავალი ხალხის გაჟღერებული ჰიმნი, გადაკეტილი და პარალიზებული ქუჩები, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ქვეყნის მთავარ გამზირზე მათი ევროპული არჩევანის დასაფიქსირებლად მიიწევდნენ და ამ დროსაც მედიის წარმომადგენლები იდგნენ რუსთაველზე და კვლავ განაგრძობდნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის კეთებას. ეს დღეები, სწორედ ამ კადრების სახით შემორჩება ისტორიას, როცა ათიათასობით ადამიანი გაერთიანდა ერთი იდეით, ქვეყნის ევროპული არჩევანის დასაცავად. მედია კი ხელისუფლებისგან განსხვავებით, იდგა ქართველი ხალხის მხარეს და მასთან ერთად იცავდა ქვეყნის ევროპულ მომავალს.


წყარო: "რადიო თავისუფლება"


კრიტიკულ მომენტებში მედიის სოლიდარობა არაერთხელ უნახავს ქართველ ხალხს და მისი გავლენა არაერთხელ უგრძვნია ხელისუფლებასაც. მედიის ერთიანობის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი გამოხატულება ,,ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდგომ, მედიების ერთიანი პოზიცია იყო. ხელისუფლების უსუსური ქმედებების ფონზე, როცა სიტუაციის დასტაბილურებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, ადამიანის დისკრედიტაციის, “გაშავების”, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობით, მედიის წარმომადგენლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირდაპირი ეთერებით რუსთაველის გამზირიდან მაუწყებლობდნენ და ხშირად ახსენებდნენ ხელისუფლებას გარდაცვლილი კოლეგის სახელს. ერთიანი პოზიციით, ისინი იმ აქტივისტებად იქცნენ, რომლებიც ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ.


წყარო: "პუბლიკა"


მედიაზე ზეწოლის და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის მსგავსი გამოუძიებელი ფაქტები აისახებოდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებებსა და წერილებში. ისინი ხშირად მიუთითებდნენ გაუარესებულ მედიაგარემოზე საქართველოში. ყოველწლიურ ანგარიშებში მედიასაშუალებების სარედაქციო შინაარსში პოლიტიკურ ჩარევებზე, პოლარიზებულ მედიაგარემოზე, სამართლებრივ პრობლემებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორების დაუსჯელობაზე წერდნენ. 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს_ ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე, ევროკომისიის ამ რეკომენდაციას წინ უძღოდა 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. მათ შორის, მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ. ამის შემდგომ, მედიის ეს ძალისხმევა და ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა და ერთიანობა, არ აღმოჩნდა საკმარისი მმართველი პარტიის წევრების მხრიდან,


ბოლო პერიოდში ევროპარლამენტარების კრიტიკის, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის და სხვა მსგავსი არაპროევროპული ქმედებების გადასაფარად. საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო ავლენდა ავტორიტარულ თვისებებს. ავიწროებდა კრიტიკულ მედიებს და არც სასამართლო სისტემის პოლიტიზებას ერიდებოდა. ასეთი პრობლემური სიტუაციის ფონზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამისთვის საჭირო მკაცრი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება დიდ პრობლემად რჩებოდა. ამავდროულად, მმართველი პარტია კრიტიკულ მომენტში, არც უკრაინის მიმართ გამოხატავდა აქტიურ მხარდაჭერას და არც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესში შეერთება უცდია, პირიქით ერთ-ერთი პირველი გაემიჯნა ამ პროცესს. თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ დროს აღნიშნა: “არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან“, ქვეყნის ისტორიული არჩევანის დაცვის გზაზე, ზელენსკის ეს სიტყვები კარგად გამოხატავს საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ქვეყნის ევროპულ არჩევანში.


მმართველი პარტიის მსგავსი რიტორიკის და ქმედებების ფონზე ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ევროკომისიის დასკვნა, რომლითაც საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მოსახლეობის

არჩევანს აცდენილი მმართველი პარტიის ქმედებები, რომლითაც მედიის კრიტიკასთან ერთად, ევროპარლამენტარებსაც გადასწვდა ამ კრიტიკით, ქვეყანა გაურკვეველი ვადით დატოვა ევროპული პერსპექტივის ამარა. იმის მაგივრად რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში, მმართველი პარტიის წევრები ყველანაირად ცდილობდნენ მაქსიმალურად წინ გადადგან ნაბიჯები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, გაითვალისწინონ ევროპელი მოკავშირეების რეკომენდაციები, მათი ბოლოდროინდელი ქმედებები აბსოლუტურად სხვაგვარია.

ამ პერიოდში მოხდა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ტელევიზიის „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება. მას „რუსთავი 2-ის” დირექტორობისას, კომპანიისთვის ზიანის მიყენების ბრალდებით 3 წლით და 6 თვით პატიმრობის წყარო: "რადიო თავისუფლება" მიესაჯა.


ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალების მფლობელებისა და დირექტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნის საკითხს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც აშშ-ს საელჩოს, ისე სხვადასხვა ევროპარლამენტარის მხრიდან. აშშ-ს საელჩოს განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება “ეჭქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი”. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ღიად აკრიტიკებდნენ ამ კრიტიკული განცხადებების ავტორებს. მათ “ანტიევროკავშირად” და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად “საერთო ისტერიულ კამპანიაში” ჩართულებად მოიხსენიებენ. მსგავსი ქმედებებით ქვეყანამ მნიშვნელოვანი შანსი დაკარგა. საქართველომ, რომელიც ოდესღაც სამ ქვეყანას შორის ლიდერი იყო, შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, გვაქვს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, რომელსაც მთავრობა და მათი ინტერესების გამტარი სამთავრობო არხები ისტორიულს უწოდებს და 6 თვეში შესასრულებელი 12 მოთხოვნა რომლებზეც ახლა ქვეყნის ევროპული მომავალი გადის. მათ შორის ყურადღება გამახვილებულია მედიაზეც, კერძოდ მოთხოვნებში ნახსენებია: “შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. “სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს”, “ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს”. უცნობია რას მოიმოქმედებს მმართველი პარტია ამ თვეების განმავლობაში, თუმცა კრიტიკული მედიებისგან განსხვავებით, სამთავრობო მედიები, რომლებიც ხელისუფლების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობას აცდენილნი არიან არჩევანის თანხვედრაში, განაგრძობენ მმართველი პარტიის ინტერესების გამტარი განცხადებების გავრცელებას.


“აბა ომი გინდათ?!”, ეს გზავნილი ხშირად ისმოდა, როგორც მმართველი პარტიის თავის სამართლებელ განცხადებებში, ისე სამთავრობო მედიების ეთერებში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არასდროს მისულან საოკუპაციო ხაზთან, თავიანთ ბოლოდროინდელ არაპროევროპულ ქმედებებს, მშვიდობის დაცვის მოტივით ხსნიდნენ და ამ რიტორიკაში აყოლილი ,,ტვ იმედი” და ,,პოსტ ტვ” სრულიად ემიჯნებოდნენ კრიტიკულ მედიებს. “გორბის”კვლევა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში, რომლის პარალელურადაც, ხელისუფლება თავის ქმედებებს მსგავსი რიტორიკით ფუთავდა, ,,იმედის” ეთერში ნაჩვენები ეს “გამოკითხვა” ხელისუფლების დაკვეთას კიდევ ერთხელ ცხადად გამოხატავდა და ამ ნარატივში აყოლილი სამთავრობო მედიების სახესაც გარგად გამოკვეთა, ისევე, როგორც 2020-ში, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი სატელევიზიო არხები პირდაპირ ეთერს ,,გარეჯი საქართველოა” წარწერით მხარს უბამდნენ. "ქართული ოცნების" წევრები გარეჯის თემაზე საუბრისთვის, სწორედ ტელეკომპანია ,,იმედს” სტუმრობდნენ და ამ თემაზე ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელიც ფეისბუქზე, ტელევიზიის სარეკლამო ანგარიშია.


ხელისუფლების რიტორიკის გაზიარებაში “იმედს” არც “პოსტ ტვ” ჩამორჩება, სადაც შალვა რამიშვილი გადაცემით “სამნი&Co”, ძირითადი სამაუწყებლო ხაზი მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაცინვა, მათზე კრიტიკული და ხშირად დაუზუსტებელი ფაქტებით სიუჟეტების მომზადება და ამ ადამიანების “გაშავება” წარმოადგენს. მაყურებელი კრიტიკულ და მწვავე განცხადებებს ხელისუფლების მიმართ იმედის მსგავსად ვერც აქ მოისმენს. ბოლო დროს განსაკუთრებით ლოგიკას მოკლებული იყო გადაცემა “იმედი LIVE”-ში წამყვანების, მაგდა ანიკაშვილის და გიორგი ფუტკარაძის საზეიმო ეთერი, სადაც წამყვანები ულოცავდნენ მოსახლეობას, რომ საქართველო უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით ევროპულ პერსპექტივას დასჯერდა, მაშინ როცა საქართველოს ლიდერის პოზიცია ეკავა ამ სახელმწიფოთა შორის. მთავრობის რიტორიკის მსგავსად ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც არ დარჩენილა კრიტიკის და ახალი ბრალდებების გარეშე. ანიკაშვილი და ფუტკარაძე ამბობდნენ, რომ თითქოს ოპოზიციას ევროპული პერსპექტივა არ აწყობს და რუსული საქმის “კეთება” ისე კარგად არავის გამოსდის, როგორც სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას”. მსგავსი განცხადებების მოსმენისას, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლების რიტორიკის გამტარებელი, ამ შემთხვევაში “იმედი” და “პოსტ ტვ”, მაქსიმალურად ცდილობენ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ალოგიკური არაფერი დაინახონ, მაგრამ ტრადიციულად წინა ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომები კვლავ გაიხსენონ და მაყურებელს შესთავაზონ თავიანთი ინტერპრეტაცია, რომელშიც მთავრობა არასდროსაა დამნაშავე და თითქოს, არც რაიმე ისტორიული შანსი დაუკარგავს ქვეყანას.


წყარო: ტელეკომპანია "იმედი"


საქართველომ კი, რომელიც ოდესღაც სამ ქვეყანას შორის ლიდერი იყო, ამ ეტაპზე შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. გვაქვს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, რომელსაც მთავრობა და მათი ინტერესების გამტარი სამთავრობო არხები ისტორიულს უწოდებს და 6 თვეში შესასრულებელი წინაპირობები, რომლებზეც ახლა ქვეყნის ევროპული მომავალი გადის. უცნობია კიდევ რას მოიმოქმედებს მმართველი პარტია, თუმცა ამ სიტუაციაში აუცილებელია ევროკომისიის მიერ გაწერილი პირობების შესრულებაზე მუშაობა. საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ასევე საჭიროა, რომ მთავრობამ დეოლიგარქიზაციისკენ მიმართული ზომები მიიღოს. ხელი შეუწყოს პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიის გარემოს განვითარებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება ჩართოს. ამ მნიშვნელოვან მომენტში კი მიუხედავად ზეწოლისა, ქართული კრიტიკული მედიის ძირითადი ნაწილი მტკიცედ დგას საქართველოს ევროპული არჩევანის სადარაჯოზე.



Comments


bottom of page